საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქია

          ავტოკეფალურ მართლმამიდებელ ეკლესიებს, რელიგიურ ლიდერებს, საერთაშორისო თანამეგობრობას                                

მიმართვა

  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმამდიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე – ცხინვალის რეგიონში – ხორციელდება რუსეთის ხელისუფლების აგრესია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მოშლას.რუსეთის ეს პოლიტიკა თავის ასახვას პოულობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  დამოკიდებულებაში თვით კონფლიქტისა და კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებისადმი, რაც მიზნად ისახავს რა რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის დამკვიდრებას საქართველოს განუყოფელ ტერიტორიაზე,ეხმიანება რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას აღნიშნული პრობლემებისადმი  და წაახალისებს სეპარატისტულ ხელისუფლებას.

  რუსეთის დაქირავებული ბოევიკებისა და რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატისტების მხრიდან ადგილი აქვს ჩვენი სოფლების დაბომბვებს,იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი,აშკარად გამოიკვეთა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში სეპარატისტების მიერ ეთნიკური წმენდის განხორციელების საშიშროება.ჩვენი მოქალაქეები ისევ ლტოლვილები არიან საკუთარ ქვეყანაში და ჩვენი სახელმწიფო ჰუმანიტრული კატასტროფის წინაშე დადგა.

  რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია  ცდლობს ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტი ქართველი და ოსი ხალხების დაპირისპირებად წარმოაჩინონ, სინამდვილეში კი ისევ ადგილი აქვს რუსეთის იმპერიულ აგრესიას სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამ აგრესიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც აქტიურ მონაწილეობას იღებს.მის მიერ გაგზავნილმა სამღვდელოებამ უკანონოდ დაიპყრო სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ტაძრები,რის გამოც ადგილობრივ მღვდელმთავარს და სამღვდელოებას არ ეძლევა შესაძლებლობა საეკლესიო მსახურების განხორციელებისა,რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება წმიდა სამოციქულო ტრადიციებს,საეკლესიო კანონებს და წარმოადგენს სერიოზულ დარრვევას.ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი რუსეთის ეკლესიის სამღვდელოება და კოკოითის დეფაქტო ხელისუფლება ეწევიან მართლმადიდებელი სარწმუნოების პოლიტიკურ მანიპულაციას,რაც გამოიხატება მართლმადიდებლობის ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის " სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნიქოზისა და ცხინვალისა ეპარქიის რუსეთის ეკლესიისათვის შეერთების მცდელობებში. რუსეთი ცდილობს საქართველოსათვის ცხინვალის რეგიონის არა მარტო ტერიტორიულ,არამედ ეკლესიურ ჩამოშორებასაც.გვსურს შევახსენოთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის წარმომადგენელ ჩვენ სულიერ ძმებს,რომ ეს ყოველივე ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,არამედ სახარების მარადიულ ჭეშმარიტებებს.უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოწაფეებმა ქვეყნიერების კიდით–კიდემდე განფინეს ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია ჭეშმარიტების შესამეცნებლად და სულის ამოსვლამდე იღვაწეს და მთელი მათი მოღვაწეობა მიმართული იყო იმისკენ,რომ ხალხთათვის საღვთო სიყვარულის სისრულეში მშვიდობისა და სამართლიანობის სიკეთე ემცნოთ."აწ უკუე მშვიდობასა შეუდგეთ და აღშენებასა..." (რომ.14,19) წერს წმ.პავლე მოციქული რომაელებს და წარმოაჩენს იმ სულისკვეთებას, რომელიც ეკლესიის მაცხოვნებელი წიაღიდან მომდინარეობს.

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველი წევრი და ჩვენ მათ შორის სრულყოფილად ვაცნობიერებთ და ვადასტურებთ, რომ ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მშვიდობისათვის,რომლის მოცემაც ძალუძს მხოლოდ ღმერთს (იოანე 14,27). ყველაზე უწინარს ეს გულისხმობს გულის და გონების გაწმედას და პასუხისმგებლობას აღმატებული სიმართლისათვის (მათე 5,10). რა თქმა უნდა, იგულისხმება, არა ნებისმიერი მშვიდობა, არამედ მშვიდობა ღმრთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია (ფილ.4,7) და არა ნებისმიერი სიმართლე ,არამედ "სიმართლე ღმრთისა" (რომ.1,7).

  ჩვენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, მხარს ვუჭერთ დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს არსებული კონფლიქტის უსისხლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგის გზით მოგვარებისათვის, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების ცალმხრივ გამოყვანაში. რუსეთის ხელისუფლება და მის მიერ წაქეზებული სეპარატისტები კი ცდილობენ საქართველო ჩაითრიონ ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში.    პრეზიდენტ ვ.პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები სერიოზულ საშიშროებას უქმნის, როგორც სამშვიდობო პროცესს, ასევე მშვიდობიან მოლაპარაკებებს ,რომლის საგანიც უნდა იყოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში და არა საქართველოს შემადგენლობაში მათი ყოფნა–არყოფნის საკითხი.

  ჩვენ მივმართავთ  ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს,მსოფლიო რელიგიურ ლიდერებს,საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა მათ ქმედითად დაუჭირონ მხარი საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და დაგმონ რუსეთის იმპერიული აგრსია.

                                     დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი

                                     ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი

                                     დმანელი ეპისკოპოსი ზენონი

თბილისი

23 აგვიტო 2004 წელი